იწყება 2015 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

2015 წლის 20 ივნისიდან იწყება საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობას მიიღებენ გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული ბავშვები.

 

იწყება 2015 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

 

საზაფხულო ეკობანაკები მოეწყობა ცემსა და ურეკში. ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების (ჯომარდი, სამთო ველოსიპედებით რბოლა, Zip-Line ტური და ა.შ.) მეშვეობით. 

 

ეკობანაკებში, გარემოსდაცვით თემებზე პოპულარულ ლექციებს წაიკითხავენ ამ დარგის პროფესორები და ექსპერტები. ეკობანაკებში მონაწილეობას მიიღებენ გადაცემა „ეკოვიზიის“ წამყვანები და გადამღები ჯგუფი. ბანაკის აქტივობები მუდმივად გაშუქდება  ეკოვიზიის ეთერით, რომელიც გადაიცემა ყოველ შაბათს 11:00 საათზე და კვირას 17:00 ტელეკომპანია GDS-ის ეთერით.

 

ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

  • ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;
  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;
  • განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;
  • ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;
  • ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში  მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

 

საზაფხულო ეკობანაკის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ეკოხედვა/EcoVision“ და „მოქალაქე“.

 

 

 

12-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1434116552_10957541_10205538363792051_8735880912756921883_n-copy.jpg