პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა

2015 წლის 16 ივნისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით, გაიმართა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო  - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" (II ფაზა) საგანმანათლებლო კომპონენტის შემაჯამებელი შეხვედრა.

 

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა

 

ღონისძიებაზე მოხდა პროექტის შედეგების წარდგენა. პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტში, „ეკოხედვას/EcoVision“ მიერ, შეიქმნა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული წიგნები, ბროშურები, კომიქსები, საბავშვო ტელეგადაცემები, ვიდეო და აუდიო პროდუქტები. ასევე შემუშავდა ინტეგრირებული გაკვეთილი პედაგოგებისთვის ნარჩენების თემაზე. პროექტის ფარგლებში შექმნილი ბეჭდვითი მასალები, რომლებიც რეკომენდებულია ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ, გავრცელდა საქართელოს 800-მდე სკოლაში და 200-მდე საბავშვო ბაღში. 3000-მდე მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი ნარჩენების მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების შესახებ. პროექტის ფარგლებში „ეკოხედვას/EcoVision“ მიერ, ჩატარდა 250 დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12 000-მდე სკოლის მოსწავლემ და პედაგოგმა, დასუფთავდა 500 ჰა-მდე დანაგვიანებული ტერიტორია და შეგროვდა 240 მ³-მდე სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 

 

შემაჯამებელ შეხვედრაზე „ეკოხედვას/EcoVision“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა ნინო სულხანიშვილმა წარმოადგინა პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის ანგარიში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონი დავით ბაქრაძე.

 

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა

 

შეხვედრაზე ინტეგრირებული გაკვეთილის სილაბუსი ნარჩენების შესახებ წარმოადგინა ქ. თბილისის #139 სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა მზია კეჟერაშვილმა. სკოლებში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ აქტივობების შესახებ ისაუბრეს ქ. თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ორკოდაშვილმა და სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ბერიანიძემ. საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვით ცნობიერებაზე პრეზენტაცია წარმოადგინა ქ. თბილისის #83 საბავშვო ბაღის დირექტორმა ქალბატონმა ეკა გვრიტიშვილმა.

 

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვედეთის საელჩოს, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოიფინა „ეკოხედვას/EcoVision“ და ქ. თბილისის #20 და #130 სკოლების მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი ნივთები.

 

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა

 

პროექტი  „დავასუფთაოთ საქართველო“ ხორციელდება 2010 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ,,ეკოხედვა/ECOVISION~, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ,  შვედეთის საელჩოს ფინანსური უზრუნველყოფით  და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია: საზოგადოების მობილიზება ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო; მისი ინფორმირებულობის გაზრდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების   მართვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და ასევე ნარჩენების მართვის  თანამედროვე  სისტემების გაცნობა.

 

16-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1434459940__dsc0107-copy.jpg