ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

2017 წლის 29 აპრილს, 10 საათზე, საქართველოში პირველად, გაიმართება ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი ჩატარდება თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა #1). ღონისძიება გაგრძელდება 15 საათამდე. 

 

ფორუმი მიზნად ისახავს,  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებას მდგრადი განვითარების საკითხებზე. ფორუმი წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის. აგრეთვე, აღნიშნული ღონისძიებით იწყება ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება. 

 

ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ მიეძღვნება გარემოს დაცვის თემატიკას. პანელურ დისკუსიებზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა, კლიმატის ცვლილება, გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი ენერგეტიკა.  

 

ღონისძიებას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი თეიმურაზ მურღულია, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დეპარტამენტის წარმომადგენელი ბატონი გიორგი სირბილაძე, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ფორუმს ასევე დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკოკლუბების წარმომადგენლები. ასევე, წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში. 

 

28-04-2017